ნათია კაპანაძე - არის თუ არა აჭარის ტელევიზია სანდო თქვენთვის და მიუკერძოებელი - დიახ, არის
14:25, 19 Apr, 2019
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს წევრების პრეტენზიებს არ იზიარებს. ამის შესახებ მან განაცხადა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელზეც მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ნათია კაპანაძის განცხადებით, ტელევიზიამ უდიდესი ნაბიჯები გადადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებისთვის.

„არის თუ არა აჭარის ტელევიზია სანდო თქვენთვის და მიუკერძოებელი - დიახ, არის და ამას პასუხი გასცა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებმა, რომელიც მრავლად გამოქვეყნდა, მედიაორგანიზაცია ფასდება, თუ როგორ გააშუქა საარჩევნო პროცესი და ამ მიმართულებითაც გვაქვს მაღალი შეფასება“, - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

კაპანაძისთვის გაუგებარია პრეტენზიები ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან მისი განცხადებით, ყველა ოპერაცია შესწავლილია აუდიტის მიერ და არსებობს დასკვნებიც. კაპანაძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი.

„საკითხები, რომელიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება, შენიშვნები, პრეტენზიები, რომელიც არსებობს, იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს. ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) ბორდს შესაბამისი წერილით მიმართეს. პრეტენზია ტელევიზიის რეიტინგი, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა. უნდობლობის გამოსაცხადებლად ბორდის ხუთი წევრიდან სამის თანხმობაა საჭირო.