მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე, მასთან საუბრის შედეგად
15:02, 19 Apr, 2019
საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, გიორგი ქობულია, რომელიც გუშინ დილით ამბობდა, რომ მინისტრია, თავად წავიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან თუ გაუშვა.

„გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მთავრობის სხდომის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. გარწმუნებთ, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ არის და გიორგი ქობულიამ გითხრათ ის, რაც უნდა ეთქვა. გადაწყვეტილება მივიღე მე, მასთან საუბრის შედეგად, ისევე, როგორც გადაწყვეტილება მივიღე ნათია თურნავასთან საუბრის შედეგად და გარწმუნებთ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, გიორგი ქობულიას მიერ განვლილი კარიერული გზა ნათელი პასუხია მის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„ის არის „მაკკენზის“ უფროსი პარტნიორი. თვითონ ეს ფაქტი მეტყველებს, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი ცოდნა და ვფიქრობ, მან ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად სხვადასხვა ეკონომიკის სექტორების მიხედვით, რომელიც თავს იყრის ერთად ეკონომიკის სამინისტროში. ვფიქრობ, როგორც დღეს, ისე მომავალში, აუცილებლად გამოადგება ქვეყანას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთმა მედია საშუალებამ ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანება გაცილებით ადრე გაავრცელა, ვიდრე ის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდებოდა და ასე მარტივად გადის თუ არა ინფორმაცია პრემიერის კაბინეტიდან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ პირველად ესმის და აღნიშნულ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებს განმარტებას.

„კომენტარი გამიჭირდება, პირველად მესმის. შეიძლება, რაღაც ტექნიკური საკითხი იყო და ამაზე ადმინისტრაცია გააკეთებს კომენტარს მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე. რა თქმა უნდა, ინფორმაცია გადის თუ შემოდის, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ როდესაც არის მაღალი ინტერესი საჯარო პოლიტიკის მიმართ, ეს მთავრობამ დროულად დააკმაყოფილოს, რასაც ვცდილობთ და ვაკეთებთ“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.