მამუკა ბახტაძე - ტყუილია სუბიექტური მოსაზრება, თითქოს მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში უკუსვლაა, ჩვენ გვაქვს პროგრესი
15:04, 19 Apr, 2019
ტყუილია სუბიექტური მოსაზრება, თითქოს მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში უკუსვლაა, ჩვენ გვაქვს პროგრესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის მონაცემების კომენტირებისას. პრემიერის თქმით, მედიაგარემოს მხრივ რეიტინგში საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების, ეს ეხება მედიაგარემოსა და მედიათავისუფლებას.

როგორც იცით, გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, საქართველომ წინ წაიწია და გაიუმჯობესა პოზიციები. ვგულისხმობ რეიტინგს, რომელიც მომზადებულია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით.

კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გახლავთ მედიაგარემო და ფაქტია, რომ მედიაგარემო ყოველწლიურად უმჯობესდება. ამას მთელი მსოფლიო ნათლად ხედავს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა პროგრესისკენ, მაგრამ თვითონ ამ რეიტინგში დაწინაურება არის ნათელი დადასტურება და ნათელი პასუხი ყველა იმ სუბიექტური მოსაზრების შესახებ, რომ თითქოს საქართველოში ჩვენ გვაქვს უკუსვლა მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ტყუილი. ჩვენ გვაქვს პროგრესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.