საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ერთობლივად დაათვალიერებენ
20:09, 24 May, 2019
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მორიგი სხდომა თბილისში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ონა“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მხარეები კომისიის მორიგი სხდომის თარიღთან დაკავშირებით დიპლომატიური გზებით შეთანხმდებიან.

როგორც უწყებაში განაცხადეს, 23-24 მაისს ბაქოში გამართული კომისიის მე-12 სხდომაზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანის დელეგაციას კი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საზღვრებისა და კასპიის ზღვის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხალაფ ხალაფოვი.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტები.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, კომისიის სხდომაზე განიხილეს სახელწიფო საზღვრის ხაზის გავლების საკითხები და ასევე განიხილეს საზღვრის ყველა ის მონაკვეთი, რომელიც არ არის შეთანხმებული.

სხდომის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ ექსპერტების ჩართულობით. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან და შეაფასებენ შესაბამის ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებს და კარტოგრაფიულ მასალებს, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან არის დაკავშირებული.