ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამმაგი დაფარული მატჩბოლი გაანიავა და ლიონის ტურნირი დატოვა
20:24, 24 May, 2019
საფრანგეთის ქალაქ ლიონში ATP250 კატეგორიის ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. გადამწყვეტ მატჩში ვერ ითამაშებს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც სამ სეტში წააგო კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან - 6:2, 6:7(3), 4:6.

ბასილაშვილმა პირველ სეტში გაანადგურა კანადელი - ოჟე-ალიასიმმა მხოლოდ შვიდი ქულა აიღო მეტოქის გეიმებში. ქართველი კი მთელი სეტის განმავლობაში ორჯერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე და ორივე შანსი გამოიყენა - ეს მოხდა პირველ და მეხუთე გეიმებში. საწყისი პარტია მხოლოდ 29 წუთი გაგრძელდა.

მეორე სეტში პირველი რვა გეიმი თანაბარი ბრძოლაში მიდიოდა. მეცხრე გეიმში ბასილაშვილმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ოჟე-ალიასიმი გამოძვრა ამ რთული სიტუაციიდან და გეიმი გადაარჩინა. საბოლოოდ, ყველაფერი ამ პარტიაში ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, რომელშიც კანადელმა 3:3-ზე ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში თავიდან თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ჩოგბურთელებს დაღლა დაეტყოთ და ზედიზედ იღებდნენ ბრეიკ-პოინტებს. განსხვავება ის იყო, რომ ოჟე-ალიასიმი თავის შანსებს იყენებდა, ბასილაშვილი - ვერა. ნიკამ ბოლო გეიმებში ოთხი ბრეიკ-პოინტი გაანიავა. კანადელმა მეორე ჯერზე გამოიყენა მატჩბოლი და ფინალში გავიდა.