აუდიტის სამსახური - საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს ათვისების დაბალი მაჩვენებელი აქვს
21:25, 24 May, 2019
სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს ათვისების დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, რომელიც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას ეხება.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა და მასზე აუდიტის სამსახურის მოხსენება 27 მაისის პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საინვესტიციო კრედიტების სახით, საგარეო წყაროებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 997 მლნ ლარი მობილიზდა, რაც თავდაპირველი გეგმის 81%-ს შეადგენს და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 23 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზია საინვესტიციო კრედიტების მნიშვნელოვნად დაბალი ათვისება წლიურ გეგმასთან მიმართებაში.

„წინა წლების მსგავსად, მზარდია საგარეო კრედიტებიდან მიღებული შემოსავლები. იზრდება როგორც ბიუჯეტის მხარდამჭერი, ასევე საინვესტიციო კრედიტების მოცულობა. თუმცა, ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხებით მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი საინვესტიციო კრედიტების შემოდინების ტემპს აჭარბებს. კერძოდ, 2018 წელს ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მოცულობა გაიზარდა 56%-ით (458 მლნ ლარი), მაშინ როდესაც საინვესტიციო კრედიტების რაოდენობა - 4%-ით (997 მლნ ლარი). 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული 1,237 მლნ ლარის მოცულობის შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტით 51 საინვესტიციო პროექტის დაფინანსება დაიგეგმა. წლის ბოლოს ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით, ჯამურად მათი დაფინანსება 312 მლნ ლარით შემცირდა, რის შედეგადაც ბიუჯეტიდან ამოღებულ იქნა 183 მლნ ლარის ღირებულების 11 ისეთი საინვესტიციო პროექტი, რომელთაც 10 თვის მდგომარეობით საკრედიტო რესურსი საერთოდ არ ჰქონდათ ათვისებული, ხოლო 26 პროექტის ბიუჯეტის დაკორექტირების შედეგად საგარეო წყაროებიდან მისაღები რესურსი 129 მლნ ლარით შემცირდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ 2018 წლის განმავლობაში, ისეთი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო არც თავდაპირველი ბიუჯეტის კანონით და არც კანონში განხორციელებული ცვლილებით.

„დაუგეგმავი პროექტების ფარგლებში, წლის ბოლოს საკრედიტო რესურსის ათვისებამ 1.1 მლნ ლარი შეადგინა. მიზანშეწონილია, საინვესტიციო პროექტებისათვის არ ხდებოდეს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმების შემცირება მათზე გამოყოფილი საკრედიტო რესურსის დაბალი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, რათა ანგარიშგების ეტაპზე მოხდეს აუთვისებლობის გამომწვევი მიზეზების წარმოდგენა და ანალიზი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომავალი პერიოდის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში წარსული გამოცდილების გათვალისწინება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ 2018 წელს 15 საინვესტიციო პროექტის შემთხვევაში, საკრედიტო სახსრების ათვისება საერთოდ არ მომხდარა.

„აღნიშნულ პროექტებში ჯამურად 229 მლნ ლარის ოდენობის რესურსის მიმართვა იგეგმებოდა. ასევე, თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში 70%-ზე დაბალი ათვისება აქვს 12 პროექტს. პროექტების განმახორციელებლების ინფორმაციით, ძირითადად პროექტების შემაფერხებელი მიზეზებია: სესხის ხელშეკრულების გაფორმების დაგვიანება, პროექტის ცვლილებები და განსახლების პრობლემები, სატენდერო პროცედურების გაჭიანურება, კონტრაქტორის მხრიდან, წარმოქმნილი პრობლემები, პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებული ხარვეზები, სესხის გაუქმება მთავრობის პრიორიტეტების ცვლილების გამო დონორებთან სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკებების გაჭიანურება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.