საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მორიგი სხდომა თბილისში გაიმართება
21:38, 24 May, 2019
23-24 მაისს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

„განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის გავლების საკითხები და ასევე მოხდა ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთის დეტალური განხილვა.

სხდომის შედეგების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების, ადგილზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე ექსპერტების დონეზე.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან.

მხარეები შეთანხმდნენ კომისიის მორიგი სხდომის თბილისში გამართვის თაობაზე. თარიღი შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით“, - აღნიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.