საქართველოში 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 34.9 პროცენტით შემცირდა
22:02, 24 May, 2019
წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 34.9 პროცენტით შემცირდა და 1 მლრდ 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მომზადებულ დოკუმენტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

რაც შეეხება ინვესტორებს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს აზერბაიჯანი (240 მლნ აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (203.7 მლნ აშშ დოლარი) და ნიდერლანდი (167.9 მლნ აშშ დოლარი) წარმოადგენენ. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიციები საფინანსო სექტორში (277 მლნ აშშ დოლარი), ტრანსპორტსა (210 მლნ აშშ დოლარი) და ენერგეტიკაში (157 მლნ აშშ დოლარი) განხორციელდა.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მომზადებული დოკუმენტი 27 მაისის ბიუროს სხდომას წარედგინება.