გერმანიის მარეგულირებელი კომისიის პრეზიდენტი - მედიააკადემიამ უმოკლეს დროში მედია პროფესიონალების დონის ამაღლებისთვის შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია
17:34, 12 Jun, 2019
გერმანიის მარეგულირებელი კომისიის (BLM) პრეზიდენტი ზიგფრიდ შნაიდერი ამბობს, რომ მედიააკადემიის დაფუძნებიდან ერთ წელიწადში საქართველომ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია.

გერმანიის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის მუშაობას წარმატებულს უწოდებს და ამბობს, რომ დღევანდელ გლობალურ სამყაროში მედიაწიგნიერების განვითარება და გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. ეს განცხადება დღეს შნაიდერმა კომუნიკაციების კომისიაში სტუმრობისას გააკეთა.

„ჩვენს ქართველ კოლეგებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და გვაკავშირებს მეგობრობა. კომისიიდან ორჯერ გვეწვია დელეგაცია მიუნხენში, ასევე სისტემატურად ვხვდებით ერთმანეთს ევროპულ ფორუმებზე, კონგრესებზე და ვუზიარებთ გამოცდილებას. ძალიან გვაინტერესებდა, რა შედეგი გამოიღო ჩვენმა თანამშრომლობამ, ჩვენმა მუშაობამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. გვაინტერესებდა შედეგები, რომელიც მედიააკადემიას აქვს, სწორედ ამიტომ, ჩამოვედით საქართველოში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ მცირე დროში მედიააკადემიამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, აქტიურად ატარებს კურსებს, მუშაობს მედია ლაბის შექმნაზე გერმანული მოდელის მიხედვით, რაც მისასალმებელია.  დღევანდელ გლობალურ სამყაროში, სადაც ყველაფერი გადაჯაჭვულია, ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და ამიტომ მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედით. ის, რასაც ჩვენ გერმანიაში, ხოლო კომუნიკაციების კომისია საქართველოში აკეთებს მედიაწიგნიერების განვითარებისთვის და მედია პროფესიონალების დონის ამაღლებისთვის, დღევანდელ თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა BLM-ის პრეზიდენტმა ზიგფრიდ შნაიდერმა.