ადამიანების გამო, მცენარეთა გადაშენების მაჩვენებელი 500-ჯერ დაჩქარდა - ახალი კვლევა
17:45, 12 Jun, 2019
რამდენი სახეობის მცენარე გადაშენდა თანამედროვე ეპოქაში? თუკი ამ კითხვას ბოტანიკოსებს რამდენიმე წლის წინ დაუსვამდით, გიპასუხებდნენ, რომ 150-ზე ნაკლები. თუმცა, ამ საკითხის შესახებ ჩატარებულმა ამომწურავმა ახალმა კვლევამ ეს ოდენობა გააოთხმაგა.

1753 წლის შემდეგ, როცა თანამედროვე ტაქსონომიის მამამ, კარლ ლინემ მცენარეთა სახეობების კლასიფიკაცია მოახდინა, გადაშენდა დაახლოებით 571 მცენარე.

გარდა ამისა, ახალი კვლევის ავტორთა ცნობით, 1900 წლის შემდეგ წელიწადში საშუალოდ სამი მცენარე ქრება. გადაშენების ეს მაჩვენებელი ბუნებრივად მოსალოდნელ პროცესზე 500-ჯერ სწრაფია და ორჯერ აღემატება ამფიბიების, ძუძუმწოვრებისა და ფრინველების გადაშენების ერთად აღებულ მაჩვენებელს.

ეს ყოვლისმომცველი კვლევა მცენარეთა თანამედროვე გადაშენების მაჩვენებლის პირველი გლობალური ანალიზია. მკვლევართა განცხადებით, მათ ხელთ არსებული მონაცემები საკმაოდ მწირი იყო და სიტუაცია რეალურად გაცილებით უარესია.

ბიოლოგ მარია ვორონცოვას თქმით, ხშირად მთელი ყურადღება ცხოველთა გადაშენებაზე გადაგვაქვს და ამ დროს სრულიად გვავიწყდება მცენარეები.

ბრიტანეთის კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღების მკვლევრების შეფასებით, მცენარეთა გადაშენების შემთხვევათა შესახებ გავრცელებულ მოხსენებათა ნახევარი ზუსტია.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გადაშენების წითელ სიაში ამჟამად შეტანილია 122 გადაშენებული მცენარის სახეობა. თუმცა, როგორც კვლევის ავტორებმა დაადგინეს, დაახლოებით 50 მათგანი ხელახლა აღდგა ან საჭიროებს რეკლასიფიკაციას.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ სიას აკლია გადაშენების 491 შემთხვევა.

შედეგები ეფუძნება კიუს ბაღების მიერ შეგროვებულ მცენარეთა გადაშენების მონაცემთა ბაზას, ასევე 30 წლის ლიტერატურის მიმოხილვასა და საველე სამუშაოების მოხსენებებს.

როგორც მონაცემები ზედაპირულად უჩვენებს, გადაშენდა მცენარეთა სახეობების მხოლოდ 0,2 პროცენტი, რაც ჩამოუვარდება ცხოველთა და ფრინველთა 5-პროცენტიან მაჩვენებელს. თუმცა, ეს სრული სურათი არ არის. ცხოველებისგან განსხვავებით, მცენარეებისთვის გადაშენების საშუალო დროის მონაკვეთი გაცილებით ხანგრძლივია, ანუ, მათ სრულად გადაშენებას ბევრად მეტი დრო სჭირდება.

მცენარეთა გადაშენების ამჟამინდელი მახასიათებლები ძლიერ ჰგავს ცხოველებისას, მაგრამ როგორც ჩანს, მათგან განსხვავებით, არ ეფუძნება ევოლუციურ მახასიათებლებს.

ირკვევა, რომ მცენარეთა გადაშენების უმეტესი შემთხვევა ხდება ბიომრავალფეროვნების „ჰოთსპოტებში“ — ტროპიკებსა და ხმელთაშუა ზღვის აუზში, მათ შორის ავსტრალიაში, ინდოეთში, ჰავაიზე. მსოფლიოში გადაშენებული მცენარეების ნახევარი კუნძულებზე იყო გავრცელებული, 18 პროცენტი კი ერთ დროს ყვაოდა წყნარი ოკეანის აუზში.

ავტორთა აზრით, ეს ყველაფერი სავარაუდოდ მიუთითებს კუნძულების ბიოტის უნიკალურ მცენარეთა (ენდემები) მაღალ პროპორციაზე და მათ მოწყვლადობაზე ბიოლოგიური ინვაზიის მიმართ.

მკვლევრები აღიარებენ, რომ ჩვენი კოლექტიური ცოდნა ამ მიმართულებით მთლიანად ეფუძნება იმ მცენარეებს, რომლებსაც ისტორიულად იყენებს ადამიანი.

გასული 30 წლის განმავლობაში, კიუს ბაღების მონაცემთა ბაზას 300 000 მცენარის სახეობა დაემატა. ყოველწლიურად ვპოულობთ დაახლოებით 16 ისეთ მცენარეს, რომელიც გადაშენებული გვეგონა.

თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, მცენარეთა ხელახლა აღმოჩენა სიტუაციას სულაც არ აუმჯობესებს. 571 გადაშენებული მცენარიდან უმეტესობა კუნძულებზე იყო გავრცელებული, სადაც მათი აღდგენის შანსი ბევრად მცირეა, ვიდრე კონტინენტზე.

ეჭვგარეშეა, რომ მალე ამ სიას კიდევ მრავალი სახეობა შეემატება. ჰაბიტატის დაკარგვამ, კლიმატის ცვლილებამ და ადამიანთა მიერ ექსპლუატაციამ გადაშენების მაჩვენებელი შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს და ზოგიერთი მცენარე ისე გაქრეს, რომ მათი არსებობის შესახებაც კი ვერ გავიგოთ.

გამომდინარე იქიდან, რომ მცენარეებზე დამოკიდებულია მილიონობით სხვა სახეობა, მათ შორის ჩვენც, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ საკითხი სხვაგვარად უნდა დავსვათ — ის კი არ უნდა გვაინტერესებდეს, რას აკეთებს ჩვენთვის ბიომრავალფეროვნება, არამედ უნდა ვიკითხოთ, რას ვაკეთებთ ჩვენ ბიომრავალფეროვნებისთვის.

კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.