უახლოეს 100 წელში მზეზე შესაძლოა, უმძლავრესი აფეთქება მოხდეს - საფრთხე დედამიწისთვის
18:12, 12 Jun, 2019
2000 წელს მეცნიერები საოცარი მოვლენის მომსწრე გახდნენ. შორეულ ვარსკვლავთან შენიშნეს სუპერანთება — ვარსკვლავური ამოფრქვევა, რომელიც ტიპურ ამოფრქვევაზე ათასობით მძლავრი იყო.

კვლევების შედეგად მეცნიერებმა იციან, რომ ასეთი მძლავრი ამოფრქვევები დამახასიათებელია უფრო ახალგაზრდა, სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავებისათვის, რომლებსაც ძლიერი მაგნიტური აქტივობა ახასიათებთ. ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი რამ არასოდეს მოხდება ჩვენს უფრო ბებერ, მშვიდ მზეზე.

როგორც ასტრონომთა ჯგუფი ახალ კვლევაში განმარტავს, მიიჩნეოდა, რომ მზის მსგავს ნელა მბრუნავ ვარსკვლავებს არ ახასიათებთ ძლიერი მაგნიტური მოვლენები, მაგალითად, სუპერანთებები. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს შეხედულება შეიძლება აბსოლუტურად მცდარია.

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული სუპერანთებების ანალიზისას, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ასეთი ამოფრქვევების წარმოქმნა მზის მსგავს ვარსკვლავებსაც შეუძლიათ, მაგრამ გაცილებით იშვიათად, ვიდრე ახალგაზრდა, მაგნიტურად აქტიურ ვარსკვლავებს.

კვლევის ავტორის, იუტა ნოცუს განცხადებით, მათმა კვლევამ დაადგინა, რომ სუპერანთებები იშვიათი მოვლენაა, მაგრამ არსებობს გარკვეული შანსი, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში მსგავსი მოვლენა მზეზე მოხდეს.

მზის მსგავს, ანუ G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებზე სუპერანთებები მეცნიერებს რამდენჯერმე აქვთ დაფიქსირებული, მაგრამ ანალიზების ნაკლებობის გამო, ბოლომდე ცნობილი არ არის, როგორ წარმოიქმნება ასეთი მოვლენები.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, ნოცუს ჯგუფმა კეპლერის მონაცემებს ახალი სპექტროსკოპიული ანალიზები ჩაუტარა; ასევე გამოიყენა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიასა“ და ნიუ-მექსიკოს აპაჩე-პოინტის ობსერვატორიის მონაცემები.

საბოლოოდ, მათ მიაგნეს მზის მსგავს 43 ვარსკვლავს, რომლებმაც წარსულში სუპერანთებები წარმოქმნეს. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური ანალიზები ამ მძლავრი აფეთქებების დასახასიათებლად კარგ ცნობებს გვთავაზობს, მკვლევრები აცხადებენ, რომ კიდევ უფრო მეტი მონაცემია საჭირო, რათა გავიგოთ, რამდენად მაღალია მზის მიერ სუპერანთების წარმოქმნის შანსი.

მათი თქმით, ძალიან მცირეა მზის მსგავსი, ნელა მოძრავ იმ ვარსკვლავთა რაოდენობა, რომლებსაც სუპერამოფრქვევები ახასიათებთ.

ნოცუს თქმით, რაც უფრო მეტს ვსწავლობთ სუპერანთებების შესახებ, მართალია, მეტად ვრწმუნდებით, რომ ეს მოვლენა უფრო ახალგაზრდა ვარსკვლავებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ამავე დროს ვხვდებით, რომ მზის მსგავსი ვარსკვლავები არანაირად არ არის დაზღვეული ასეთი სასტიკი და ძალზედ სახიფათო ვარსკვლავური ფენომენისაგან.

ნოცუს თქმით, ახალგაზრდა ვარსკვლავებზე სუპერანთებები თითქმის კვირაში ერთხელ ხდება. მზის შემთხვევაში კი ასეთი მოვლენების ალბათობა რამდენიმე ათას წელიწადში ერთია.

როგორც ამჟამინდელი კვლევები მიუთითებს, მზის ძლიერ ამოფრქვევას შეუძლია მოსპოს ჩვენი ტექნოლოგიები, გამოიწვიოს ტრილიონობით დოლარის ზარალი და მრავალი სახის კატასტროფული მოვლენა.

როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი მზეზეც ისეთივე მძლავრი აფეთქება მოხდება, როგორიც ასტრონომებმა ასობით სინათლის წლის მოშორებით შენიშნეს? სამწუხაროდ, ზუსტი დეტალების წინასწარ შეფასება რთულია.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია astronomy.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.