„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საოჯახო სასტუმროს მფლობელებს მრიცხველებს უფასოდ დაუმონტაჟებს
16:44, 20 Jun, 2019
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) საოჯახო სასტუმროს მფლობელებს მრიცხველებს უფასოდ დაუმონტაჟებს.

კომპანიის მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო სანადირაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს გამიჯნოს საკუთარი და ტურისტის ხარჯი, მას შეუძლია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მიმართოს და ცალკე მრიცხველის დაყენება მოითხოვოს.

„სასმელი წყლის მომხმარებელს ექნება იმის უფლება, რომ ამ ორი მრიცხველის შესაბამისად, ერთის დახმარებით თავისი ხარჯი დაითვალოს, როგორც სამომხმარებლო ხარჯი, ხოლო მეორე, რომელსაც ტურისტები მოიხმარენ უკვე დაითვალოს როგორც არასამომხმარებლო ტარიფი. საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს უკვე შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ მრიცხველებს უფასოდ დავუმონტაჟებთ“, - განაცხადა ნინო სანადირაძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა ვებპორტალების საშუალებით (AirBnB, booking.com და სხვა) აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს.