ნიკა მელია - ირაკლი კობახიძე ამ დარბაზში ვეღარ შემოვა, თუ შემოვა, ყველაფერი რაც ხელთ მომხვდება, თავში მოხვდება
16:57, 20 Jun, 2019
უადგილოა საუბარი ყველაფერზე გარდა ერთისა, უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც კონსოლიდირებული, სულში ჩააფურთხეს ყველას, მათ შორის თქვენც, თქვენი ტელევიზიის მაყურებლებსაც, მეც, ყველას ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ბლოკირებული აქვთ.

„ან ეროვნულ ღირსებას ვიცავთ, ან ვამბობთ, რომ კი ბატონო, ქართველი ჯარისკაცების ხოცვაში ამოსვრილი სისხლიანი ხელებით ბატონი გავრილოვი მოვიდა, წამოსკუპდა და წამოასკუპა კობახიძე-ივანიშილმა სავარძელში და აქ სისხლიან ხელებს აჭერდა. თან სად, ხომ გააჩნია სად - საპარლამენტო სხდომათა დარბაზში, რომელიც ამიერიდან აღარ არის სხდომათა დარბაზი, კონკრეტულ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ივანიშვილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აქამდეც უნდა გადამდგარიყო.

„ეს არის ადგილი, სადაც მოსახლეობის ჯანსაღმა ნაწილმა და უდიდესმა უმრავლესობამ უნდა დაიცვას ღირსება, მათ შორის ამ დარბაზშიც, დარბაზს მიღმაც, კორიდორებშიც და ქუჩაშიც. აქამდე უნდა გადამდგარიყო ირაკლი კობახიძე, მაგრამ რა განცხადებაც წავიკითხე, არც აპირებს. რაღაც მესიჯბოქსი შეიმუშავეს და ერთმანეთს ეჯიბრებიან სისულელეების თქმაში, თითქოს პროტოკოლმა ჩაიდინა დანაშაული და ალბათ, პროტოკოლის თანამშრომელს დაბრალდება, მაგრამ აღარ გაიყიდება ეგ ტყუილი საზოგადოებაში. მოღალატეობრივი აქტი ჩადენილია, ღირსება ფეხქვეშ გათელილია, ამას სჭირდება აღდგენა“, - განაცხადა მელიამ.

მისი შეფასებით, ერი აუცილებლად დაიცავს ღირსებას.

„არ მინდა ახლა ბაქი-ბუქი, დავინახავთ რა იქნება. მე ერთი რამ ვიცი, რომ ერი დაიცავს ღირსებას და ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, სხვადასხვა ეტაპებზე ამ ქვეყნის განვითარებისა, ერს შესაშური ერთობის უნარი გამოუჩენია. მე დარწმუნებული ვარ, ახლაც იქნება ეს შემთხვევა, სანამ ერთი, როგორც მინიმუმ, კობახიძე არ გადადგება და ეს არის პირობა, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შევხედავთ, რა ნაბიჯებს გადადგამს საღამომდე ივანიშვილი და დანარჩენი მერე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დეპუტატის თქმით, ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში ვეღარ შევა.

„კობახიძის პასუხი ვიცით უკვე, მაგრამ კობახიძე ამ დარბაზში ვეღარ შემოვა და თუ შემოვა, ყველაფერი რაც კი ხელთ მომხვდება მე პირადად, თავში მოხვდება, ეს მიკროფონიც მაგალითად“, - განაცხადა დეპუტატმა, ნიკა მელიამ.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სხდომათა დარბაზი ბლოკირებული აქვთ. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, დარბაზის ბლოკირება მანამ გაგრძელდება, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გადადგება.