უიმბლდონი 2019 - ქალთა ფინალში უილიამსი და ჰალეპი ითამაშებენ
22:33, 11 Jul, 2019
უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი და ამერიკელი სერენა უილიამსი ითამაშებენ. მათ ყველაზე დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვეს მთელი ტურნირის განმავლობაში და შაბათს, მაყურებელს სრულიად ლოგიკური ფინალი ელოდება.

ჰალეპმა ნახევარფინალში უკრაინელი ელინა სვიტოლინა გაანადგურა - 6:1, 6:3. არადა, მატჩი ორი ხანგრძლივი გეიმით დაიწყო - პირველ ორ გეიმში 16-16 გათამაშება იყო, რაც გულშემატკივარს დაძაბული ბრძოლისთვის განაწყობდა, მაგრამ მეოთხე გეიმიდან მოყოლებული, ჰალეპმა მოიპოვა უპირატესობა და ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაასრულა პირველი პარტია.

მეორე სეტის პირველ ექვს გეიმში მეტოქეები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ 3:3-დან რუმინელმა მკვეთრად მოუმატა და ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, რამაც ფინალის საგზური მოუტანა.

ჰალეპი ძალიან კარგად იყენებდა თავის შანსს - რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, სვიტოლინამ კი ხუთიდან ერთი.

კიდევ უფრო იოლად გაიმარჯვა სერენა უილიამსმა ჩეხი ბარბორა სტრიკოვას წინააღმდეგ - 6:1, 6:2, რითაც ამერიკელი მე-11 ფინალს ითამაშებს უიმბლდონზე.

ორივე სეტში უილიამსმა ორ-ორი ბრეიკის შესრულება შეძლო. მის მეტოქეს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა - სამივე პირველი სეტის ბოლო გეიმში, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

ამერიკელმა 28 „ვინერსი“ ჩააგდო და მხოლოდ 10 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მხოლოდ სამი ქულა წააგო პირველ მოწოდებაზე.

სერენა უილიამსს ერთი მოგება აშორებს „დიდი სლემის“ 24-ე ტიტულამდე, რითაც ის გაიმეორებს მარგარეტ კორტის ყველა დროის რეკორდს.

სერენა და ჰალეპი მეთერთმეტედ შეხვდებიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში. ამერიკელი დიდი უპირატესობით უგებს რუმინელს - 9:1.