თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა პალატის დონეზე დასრულებულია სახელმწიფოს სრული გამარჯვებით
12:45, 18 Jul, 2019
„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა პალატის დონეზე დასრულებულია სახელმწიფოს სრული გამარჯვებით, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი.

ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

„დაუშვებლად ცნო როგორც დაუსაბუთებელი, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივრის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ასევე ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს; ერთხმად დაუშვებლად ცნო სამივე მომჩივანის, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება. რაც შეეხება მოსამართლეებს - ურთმელიძესა და თოდუას, ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში. რაც შეეხება ურთმელიძესა და თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილია ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ სამართლიანი სასამართლოს ამ ორ კომპონენტში წინააღმდეგ მისცა ხმა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უაროფილ იქნა როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“. ეს არის საქმის სარეზოლუციო და სხვა ნაწილების მოკლე შეჯამება. გადაწყვეტილება არის 100-ზე მეტი გვერდისგან შემდგარი, შესაბამისად, მის სამოტივაციო ნაწილს ჩვენც და მოწინააღმდეგე მხარე დეტალურად მომავალში გავეცნობით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.