ნეიმარის მამა ტურინში „იუვენტუსის“ უფროსობასთან შესახვედრად გაემგზავრა
12:53, 18 Jul, 2019
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარის მამა და აგენტი ტურინში გაემგზავრა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. ამის შესახებ „მუნდო დეპორტივო“ (El Mundo Deportivo) „რაი სპორტზე“ (Rai Sport) დაყრდნობით წერს.

როგორც ირკვევა, უახლოეს დროში უნდა გაიმართოს შეხვედრა ფეხბურთელის მამასა და ტურინელთა სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩის შორის. მხარეებმა უნდა განიხილონ 27 წლის ბრაზილიელის სავარაუდო ტრანსფერი იტალიის ჩემპიონის შემადგენლობაში.

აღნიშნავენ, რომ კონკრეტული საკითხები და ფინანსური მხარე განხილული არ იქნება და შეხვედრას საინფორმაციო ხასიათი ექნება.

ნეიმარი 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 222 მილიონ ევროდ, რაც სარეკორდო ტრანსფერი გახდა ისტორიაში.

ბრაზილიელ ფეხბურთელზე მთავარი პრეტენდენტი ისევ „ბარსელონაა“, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენმა“ კატალონელთა რამდენიმე შეთავაზება დაიწუნა.

ორი დღის წინ დაიწერა, რომ „ბარსელონას“ გარდა, ნეიმარი „რეალში“, „ბაიერნსა“ და „იუვენტუსში“ გადასვლას თანხმდება.