თეა წულუკიანი - ვაზაგაშვილისა და გოგალაძის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოში დავა სახელმწიფოს მარცხით დასრულდა
12:58, 18 Jul, 2019
ვაზაგაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში დასრულდა სახელმწიფოს სრული მარცხით, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით. როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო და ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 000 ევროს კომპენსაციის სახით გადახდა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა ნოდარ გოგალაძის საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილება ასევე დღეს გამოქვეყნდა.

„მესამე საქმეზე, რომელიც 2008 წელს მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა, ასევე დასრულებულია სახელმწიფოს მარცხით და მომჩივნის სასარგებლოდ დადგინდა წამებისა და არაადამანიური მოპყრობის აკრძალვის მუხლის, მესამე მუხლის დარღვევა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ დღეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სამ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, მათ შორის 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილისა და 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის საქმეებზე.

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. რაც შეეხება 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​საქმეს, საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს კომპენსაცია დაეკისრა.