ლევან იზორია - ქედს ვიხრი მეომრების წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს
11:58, 14 Aug, 2019
ქედს ვიხრი იმ მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„27 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. ეს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად გამოწვეული კონფლიქტი, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ქედს ვიხრი მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ურყევი პრინციპი და მის განხორციელებას, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, საბოლოო მიზნის მიღწევამდე გავაგრძელებთ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა ლევან იზორიამ.