სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს
12:14, 14 Aug, 2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ამასთან, სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება.

უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დასმული.

ამასთან, ანალოგიურ შემთხვევას 7 აგვისტოსაც ჰქონდა ადგილი, როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. მოგვიანებით სამუშაოები შეწყდა.