„რაინეართან“ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
14:30, 21 Aug, 2019
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.

რაინეარი“ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან იფრენს.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია პირდაპირ ფრენებზე 12 მიმართულებაზე ევროპის ქალაქებში, მათ შორის სამი მიმართულებით ფრენები წელს დაიწყება, ხოლო დანარჩენი - მომავალ წელს.

ავიაკომპანია „რაინეარის“ ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენები უკვე გამოჩნდა. ქუთაისიდან ფრენებში მითითებულია იტალიის ქალაქი ბოლონია და საფრანგეთის ქალაქი მარსელი, თბილისიდან კი, იტალიის მილანის ბერგამოს აეროპორტი. ამავე ინფორმაციაში მითითებულია, რომ პირველი ფრენა 6 ნოემბერს შესრულდება თბილისიდან მილანის მიმართულებით.