ლაურა ღაჭავა - მე ვარ მართალი, მაქვს სუფთა დღგ, ახლა რა მოხდა, არ ვიცი
14:20, 21 Aug, 2019
გეგმური შემოწმებები მქონდა საგადასახადოდან, ფინანსური პოლიციიდანაც და გაირკვა, რომ თითქოს ყალბი დღგ-ს ფაქტურებით გავაკეთე ნავთობის შემოტანა, რომელიც არ არის სიმართლე, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან განუცხადა, სადაც ბრალდების წარდგენის მიზნით დაიბარეს.

მისი თქმით, ჯერ გაეცნობა საქმის მასალებს და დეტალურ კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.

„საქმის კურსში არ ვიყავი, რა ხდებოდა. გავეცნობი ჯერ ბრალს და ზუსტად გეტყვით. ადრე მქონდა განაცხადი მიცემული უძრავი ქონების სააგენტოსთვის, რომ ობიექტებს ვყიდი, ვინაიდან ბანკების ძალიან დიდი სესხი მაქვს და ყველაფერზე ყადაღა მიდევს, იძულებული ვიყავი, გამეყიდა რაღაც ქონება. შემდეგ შეხვედრა იყო და ვერ შევთანხმდით მე და ნიკა გვარამია თანხაზე, მან სხვა ობიექტი ნახა. მე არ ვუკავშირებ მთავარი არხის გახსნას. საფუძველს არ მაძლევს ვთქვა, რომ ეს პოლიტიკურია. ხომ უნდა გავეცნო ჯერ საქმის მასალებს და ვნახოთ. დაკითხვაზეც არ ვყოფილვარ. მე ვარ მართალი, მაქვს სუფთა დღგ-ები. ახლა რა მოხდა, არ ვიცი“, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.