სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს მუშაობა დაასრულეს
15:22, 21 Aug, 2019
სოფელ გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა დღეს მუშაობა შეწყვიტეს. მათ ტერიტორია დატოვეს და სპეციალური ტექნიკაც გაიტანეს.

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, ოკუპირებულ დისევთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს. მათ ადგილზე 26 ბოძი დაამონტაჟეს. მიყვანილი ჰყავდათ სპეციალური ტექნიკა, ასევე გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსი ოკუპანტების ვერტმფრენმაც გადაიფრინა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) რუსული საფრენი აპარატის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ამასთან, გუგუტიანკარში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.