ნათია თურნავა - არც ერთ პროექტში მონაწილეობა, სტატუსი ან პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არ არის ინდულგენცია
15:42, 21 Aug, 2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარე პროცესები არც ანაკლიის პორტს და არც პოლიტიკური მოძრაობის შექმნას არ უკავშირდება.

ეკონომიკის მინისტრი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასა და მათი ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა.

„მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც გადავიდა უკვე სასამართლო განხილვის ეტაპზე. ეს პროცესი გამჭვირვალეა. რა ზომას გამოიყენებს გამოძიება და პროკურატურა ამ პროცესში, ეს არის მათი პრეროგატივა. ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ ეს არის განპირობებული რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით. არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არ არის ინდულგენცია. არც ერთ ჩვენგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“, - განაცხადა თურნავამ.

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ  გუშინ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დააყადაღეს. ამასთან, პროკურატურამ დაადასტურა, რომ  სასამართლოს მამუკა ხაზარაძისა ადა ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)“.