თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე პროცესი განახლდა
13:12, 11 Sep, 2019
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე პროცესი განახლდა.

დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ დაზარალებული დაიკითხა, რომელმაც დარბევის დეტალები გაიხსენა. მოწმის ავთანდილ ჯოგიაშვილის თქმით, დარბევის დროს, მან სხეულის დაზიანებები მიიღო.

„საღამოს საათებში წვიმა დაიწყო, მცირე რაოდენობა დარჩა ხალხის, უმრავლესობა ქალები იყვნენ, ზოგი კინოში ვეფარებოდით და ზოგი მიწისქვეშა გადასასვლელში, 25 მაისის ღამის საათებზეა აქ საუბარი. მერიიდან თანამშრომელი მოვიდა და ამბავი მოიტანეს, რომ მიტინგი უნდა დაიშალოს და არასანქცირებულიაო. ზოგმა წასვლა დააპირა, მერე მოვიდნენ აქციის მონაწილეები და თქვეს, რომ ვინც წავიდა უკვე ყველა დაიჭირესო, გარშემო პოლიცია დგასო. გადავწყვიტე დავრჩენილიყავი აქციაზე, რადგან გასვლის შანსი ფიზიკურად არ იყო.  ინსტიქტურად რანაირად მოვხვდი პარლამენტის კიბეებთან არ მახსოვს, მაგრამ წაქცეული ხალხი დავინახე, სისხლიანები. ქალბატონი დაეცა, წამოყენებას ვაპირებდი და ეგრევე მომხვდა თავში „დუბინკა“ და გავითიშე. როცა გონზე მოვედი უკვე დაკავებული ვიყავი, ვეგდე ე.წ პიონერთა სასახლის წინ 15-20 ადამიანთან ერთად. დაკავებულები გაგვატარეს კორდონში, ხელები შეკრული მქონდა და თან გამეტებით გვცემდნენ. ერთი თვის განმავლობაში დაცემინებისაც მეშინოდა, ასეთი პატივი გვცეს ამ ღამეს. ისე მცემდნენ, რომ ბოლს ვეღარც ვგრძნობდი.

გადამიყვანეს ქალაქის სამმართველოში და ღრიალი გამოდიოდა ოთახებიდან, ნახევარი საათი ვიყავი სამმართველოში, სისხლისგან ვიცლებოდით. ღუდუშაურის კლინიკაში გადამიყვანეს სასწრაფოს მანქანით და გამიკეთეს ოპერაცია, გახეთქილი მქონდა თავი, ერთ მხარეს ექვს სანტიმეტრზე გაიკერა და მეორე სამზე. დილით 8:00 საათზე, საავადმყოფოს უკანა გასასვლელიდან გამიყვანა პატრულმა, პატრულის.მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს სამმართველოში. აღმოჩნდა, რომ სამმართველოში ადგილი არ იყო და მერე შემაგინეს გადაეთრიე მანქანიდანო და ჩამომაგდეს მანქანიდან. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია“, - განაცხადა მოწმე ავთანდილ ჯოგიაშვილმა.

26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.