გია ვოლსკი აცხადებს, რომ დევიდ კრამერს შეეძლო, გუშინ უფრო დიპლომატიურად მოქცეულიყო
13:20, 11 Sep, 2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს შეეძლო, გუშინ უფრო დიპლომატიურად მოქცეულიყო და მეტი კომპეტენცია წარმოეჩინა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი სასტუმრო „რუმსში“ გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ასევე აღნიშნა, რომ როცა კონფერენციაზე მიწვეული არ ხარ, არ უნდა მიხვიდე, რადგან ეს აგრესიას ქმნის და დამაზიანებელია.

„ვფიქრობ, კრამერის მიმართ გამოთქმული შენიშვნები სწორია, რომ მან მოთმინება დაკარგა. სათუო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კომპეტენცია. რატომღაც ამერიკელ დიპლომატად მოიხსენიებენ, რაც ტყუილია. ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, ამერიკა საქართველოს მიმართ თავშეკავებული და კორექტულია, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც შესაძლოა, მის პოლიტიკურ პოზიციებს არ პასუხობს. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ამ ინციდენტს არ უმოქმედია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის   შელაპარაკება მოხდა.  კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერი და ინაშვილი შელაპარაკდნენ.