გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს
18:14, 22 Sep, 2019
გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა სასწავლო უნივერსიტეტში იმართება, რომელსაც ესწრებიან მმართველი გუნდის წევრები, პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, ასევე განხილვაში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

აღნიშნული კომისია მსჯელობს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება.

უმრავლესობის წინადადებებთან ერთად, ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტიც განიხილება. შეხვედრაზე ორ პროექტს შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრეს. ორივე მხარე თანხმდება, რომ მომავალი არჩევნები შეცვლილი სისტემით ჩატარდება. სადავო რჩება ორი პუნქტი, რაც ბარიერსა და ბლოკების შექმნას უკავშირდება.

ამასთან, შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა. დაგვიანების გამო, რამდენიმე ადამიანი შეხვედრაზე არ დაუშვეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შეიქმნა. მას მხარი დაუჭირა 118-მა დეპუტატმა.

კომისიის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე; დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყნის მასშტაბით 11 ლოკაციაზე მოხდება. მათ შორის იქნება თბილისი და რეგიონები.