შალვა თადუმაძე ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს
18:43, 09 Oct, 2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს პასუხობს და მას თაღლითობაში ადანაშაულებს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დიპლომის თემაზე თადუმაძემ კიდევ ერთხე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპელირება, თითქოს საერთაშორისო სამართალი არ უსწავლია, რადგან ეს კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმენტში არ მოიძებნა, არის თაღლითობა.

„ის, რომ შეურაცხყოფები მივიღე, გასაგებია. თქვენ ნახეთ, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მკითხა, რა ნიშანი მყავს საერთაშორისო სამართალში. შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, რადგან მე საერთაშორისო სამართალს არ ვსწავლობდი. მე ოჯახიდან გადმოვაგზავნინე დედანის ასლი და შესაბამისად, ამ დოკუმენტებში არის. დეპუტატმა ისე გადააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის აი, ეს, რომ ამომრჩევლები, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. შეგნებულად დააქსეროქსა დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს და შემდეგ კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, თურმე შალვა თადუმაძ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მერე ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო, არ გადიოდა. ეს იმისთვის, თუ ვინ ითაღლითა ამ შემთხვევაში“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

გენერალურ პროკურორს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ კითხვა დაუსვა, ვინ ასწავლიდა საერთაშორისო სამართალს, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ „ერთ-ერთი ლექტორი“ ასწავლიდა. კახიძემ ნიშნების ფურცელიც წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ თადუმაძე სამართლის ისტორიას სწავლობდა. მას ჰკითხეს აღნიშნულ საგანში რა ნიშანი ჰყავდა, თადუმაძემ კი, პასუხად აღნიშნა: „სამიანი მყავს სამწუხაროდ“.

ამასთან, როგორც სხდომაზე დეპუტატმა ოთარ კახიძემ აღნიშნა, თადუმაძე საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდა.