რუმინეთი-ნორვეგიის თამაშს 29 854 ბავშვი დაესწრო
19:08, 16 Oct, 2019
ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის შეხვედრას რუმინეთისა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის 29 854 ბავშვი დაესწრო, რითაც ევროპის ახალი რეკორდი დამყარდა - წერს Mediafax.

„უეფას“ გადაწყვეტილებით, ესპანეთთან და მალტასთან თამაშისას არეულობების გამო, რუმინეთის ნაკრებს ნორვეგიასთან მატჩი ცარიელი ტრიბუნების ქვეშ უნდა ჩაეტარებინა.

ესპანეთთან და მალტასთან მატჩების დროს გულშემატკივრები ქსენოფობიურ ფრაზებს სკანდირებდნენ, ისროდნენ პეტარდებს, ზოგიერთი „ფანი“ კი მინდორზე შევარდა.


მიუხედავად ამისა, „უეფამ“ შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და სტადიონზე მისვლის ნება დართო სხვადასხვა საფეხბურთო სკოლის 14-წლამდელ ბავშვებს, აგრეთვე სკოლამდელი ასაკის პატარებს. 10-ბავშვიან ჯგუფს თან თითო სრულწლოვანი ახლდა.

რუმინეთისა და ნორვეგიის მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა.

ამ შეხვედრამდე რეკორდი ეკუთვნოდა ევროპის ლიგის მატჩს „პარტიზანსა“ და „ალკმაარს“ შორის, რომელსაც 22 ათასი ბავშვი დაესწრო.