თეა წულუკიანი - გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს ფილმის ნახვა და ვის არა
18:11, 08 Nov, 2019
საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საქართველოში შემოქმედებით საქმიანობაზე ცენზურა არ არსებობს.

„ჩვენს ქვეყანაში შემოქმედებით საქმიანობაზე არ არსებობს ცენზურა. ამას უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ჩვენი სახელმწიფოებრივი მექანიზმის. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ და შემდეგ უკვე გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს, რომ ეს ფილმი ნახოს, ვის არ დააინტერესებს და გაუჩნდება პროტესტის განცდა. მნიშვნელოვანია, ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არ გადავიდეს ზღვარს, რომელიც არის კანონის დარღვევა. ორივე მხარეს აქვს თავისუფლება და ასევე, ვალდებულებებიც“ , -  განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისის კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული. 

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს გაიმართება.

სამართალდამცველები არიან მობილიზებული ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთანაც“, სადაც ფილმის პრემიერა უნდა გაიმართოს.