ეკატერინე ტიკარაძე ბათუმში დევნილებს ხვდება
17:15, 08 Nov, 2019
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის  მინისტრი ეკატერინე  ტიკარაძე,  ბათუმში,  ლეონიძის ქუჩის 4 ნომერში, ახალაშენებულ  კორპუსებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

164 დევნილ ოჯახს ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში ბინები სამინისტრომ გასულ წელს გადასცა.

დევნილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს ბინების დაკანონება წარმოადგენდა. მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდება.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბათუმში, ლეონიძის ქუჩის N15-11-ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც ეწვია და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

დევნილებთან გამართულ შეხვედრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც  ესწრებოდნენ.