გალაქტიკის რა ნაწილში იყო დედამიწა მაშინ, როცა აქ დინოზავრები დააბიჯებდნენ — ნასას მეცნიერის ანიმაცია
18:48, 08 Nov, 2019
როდესაც დედამიწაზე დინოზავრები მბრძანებლობდნენ, პლანეტა მაშინ გალაქტიკის სრულიად სხვა ნაწილში იყო.

ნასას მეცნიერის, ჯესი კრისტიანსენის მიერ შექმნილი ანიმაცია აჩვენებს, რამდენ ხანს გრძელდებოდა დინოზავრების მბრძანებლობა და რამდენად პატარაა მასთან შედარებით ადამიანთა ეპოქა. ეს ყველაფერი ნაჩვენებია მზის სისტემის მოძრაობით ირმის ნახტომში.

ჩვენი მზე გალაქტიკის ცენტრში გაწოლილი სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო მოძრაობს. ერთ გარშემოვლას მზე 250 მილიონ წელიწადს ანდომებს. შესაბამისად, როგორც კრისტიანესნის ანიმაციაში ჩანს, ბოლოს, როცა მზის სისტემა ირმის ნახტომის იმ ნაწილში იყო, სადაც ახლაა, ჩვენს პლანეტაზე ტრიასული პერიოდი იდგა და დინოზავრებიც გამოჩენას იწყებდნენ.

მაშინ, როცა დედამიწაზე ჩვენთვის ცნობილი მრავალი დინოზავრი დააბიჯებდა, ჩვენი პლანეტა ირმის ნახტომის სულ სხვა ნაწილში იყო მოქცეული.

კრისტიანსენს ეს იდეა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ერთ-ერთი ღონისძიების წაყვანისას დაებადა.

„ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გავაანალიზე, რომ არქეოლოგიური ნამარხების და ასტრონომიული დროის სკალების გარკვეულწილად ერთად თავმყორა შეიძლებოდა. შესაბამისად, გამიჩნდა იდეა, რომ დინოზავრების ევოლუცია მეჩვენებინა პლანეტის მოძრაობით გალაქტიკაში“, — ამბობს კრისტიანსენი.

მიღებულ ვიდეოში ეს ორივე ქრონოლიგია კარგად არის ასახული.

I have always been interested in galactic archaeology, but I don't think this is what they meant.

Did you know that dinosaurs lived on the other side of the Galaxy? pic.twitter.com/ngGCAu0fYU


— Dr. Jessie Christiansen (@aussiastronomer) August 28, 2019



კრისტიანსენის თქმით, ვიდეო მან PowerPoint-ში ააწყო, რისთვისაც ოთხი საათი დასჭირდა. ვიდეოს ტექსტში მას რამდენიმე მცირე შესწორებაც შეაქვს — პლეზიოზავრები დინოზავრები არ არიან და გალაქტიკურ ორბიტას მზის სისტემა 250 მილიონ წელში ასრულებს (და არა 200-ში).

გალაქტიკაში მოძრაობა იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ვიდეოში შეიძლება ჩანდეს. სხვადასხვა სიჩქარეებით მოძრაობენ გალაქტიკაში არსებული სხვა ვარსკვლავები და პლანეტური სისტემებიც. შიდა ნაწილი უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე გარე რეგიონები.

გარდა ამისა, კოსმოსში თავის მხრივ მოძრაობს ირმის ნახტომიც, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდება მეზობელ ანდრომედას გალაქტიკას.

როგორც კრისტიანსენი აღნიშნავს, ანიმაციაზე ისე ჩანს, ერთი წრის შემოვლის შემდეგ თითქოს მზის სისტემა იმავე წერტილს უბრუნდება, მაგრამ სინამდვილეში, ამასობაში საკმაოდ დიდი მანძილი აქვს გავლილი მთლიანად გალაქტიკას.

„სინამდვილეში, კოსმოსში ჩვენ თითქოს სპირალურად ვმოძრაობთ, რადგან მოძრაობს მთლიანი გალაქტიკა და ჩვენ კი მისი ცენტრის გარშემო“, — ამბობს კრისტიანსენი.

გალაქტიკის ცენტრის გარშემო მზის სისტემის მოძრაობისას, ჩვენ ფიქსირებულ წერტილს არ ვუბრუნდებით. იმავე ადგილზე მეორედ მისვლისას, მზის სისტემას სრულიად სხვანაირი სამეზობლო ხვდება.

მთელი ეს მოგზაურობა დედამიწაზე არ მოქმედებს. ის სიცოცხლისთვის მაინც ხელსაყრელი რჩება. ეს კი დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი მზის გზაზე გალაქტიკური ორბიტის გარშემო.

ამ მოგზაურობისას, მზის სისტემა არ უახლოვდება ირმის ნახტომის სასტიკ ცენტრს, სადაც სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე უკვე ვეღარ გადარჩებოდა.

გალაქტიკის ამ ნაწილში გაწოლილია გიგანტური, ცენტრალური შავი ხვრელი. მის გარშემო ბევრია ვარსკვლავი, არის დინამიკურად არასტაბილური გარემო და დიდი რადიაცია.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.