თავისუფლება ვაჟა ექიმს - აქცია თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე
07:34, 22 Nov, 2019
უკვე მე-13 დღეა, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ცნობილი ქართველი ექიმის მიმართ, საქმე აღძრულია „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით.

 


მომხდარს ბევრი ცნობილი ადამიანი და პიროვნება გამოეხმაურა.ქართველი ექიმის მხარდასაჭერი განცხადება მსოფლიოში აღიარებულმა სპეციალისტმა, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმმა რამონ კუგარტმაც გაავრცელა.


სოციალურ ქსელებში სპორტსმენების მონაწილებით მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრები და ცნობილი სპორტსმენები მონაწილეობენ.


საერთო მოთხოვნებს შეუერთდა საფეხბურთო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“, რომლის ფეხბურთელებმაც ცნობილი ექიმის მხარდასაჭერად საგურამოს ბაზაზე აქცია გამართეს და გამოფინეს ბანერი - „თავისუფლება ვაჟა ექიმს“, კლუბმა კი საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა.


„საფეხბურთო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ექიმს, მის ოჯახს და გვჯერა, რომ ის ჯანმრთელი და უვნებელი დაგვიბრუნდება“ - წერია კლუბის განცხადებაში.