თამაზ პერტია - ერთა ლიგაზე საქართველო ბელარუსთან ფავორიტია
07:39, 22 Nov, 2019
თამაზ პერტიამ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი ლატვიაში ჩატარებულ გამოკითხვაზე გააკეთა - სეზონის შედეგების მიხედვით, გაზეთ „სპორტცენტრის“ გამოკითხვაში „ვალმიერას“ 44 წლის ქართველი მთავარი მწვრთნელი წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

 


„საუკეთესო მწვრთნელად აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უფრო უცხოეთში. თუმცა, ეს ჩემი პირველი პრიზი არაა. ლატვიის საუკეთესო მწვრთნელად სხვადასხვა წლებში და სხვადასხვა გამოცემებმა სულ 7-ჯერ დამასახელეს. წლევანდელი აღიარება იმის შედეგია, რომ „ვალმიერა“ მთავარ ლატვიურ ლიგას 15-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ. ეს წლის სენსაცია იყო“ - ამბობს საქართველოს პირველ არხთან თამაზ პერტია.


ახალგაზრდა სპეციალისტმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების შანსი შეაფასა - თამაზ პერტია თვლის, რომ ბელარუსთან 26 მარტს გასამართ შეხვედრაში ფავორიტი საქართველოა.


„პირადად მე ნაკრებში ვლადიმირ ვაისის მუშაობა მომწონს და მიმაჩნია, რომ არ უნდა წავიდეს. საქართველოს ნაკრები გუნდური გახდა და ლიდერის გამოკლება არ ეტყობა. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ბელარუსსაც კარგად ვიცნობ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ახლა ჩვენ უკეთესი ნაკრები გვყავს, მარტში გასამართ შეხვედრაში კი ფავორიტად საქართველო მიმაჩნია“ - აცხადებს ლატვიური გუნდის ქართველი მწვრთნელი.