საპატრიარქოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
23:57, 02 Dec, 2019
საქართველოს საპატრიარქოში დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქოს ინფორმაციით, სამსახურის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებების ეფექტიანად ფუნქციონერებისა და დასახული ამოცანების განხილვის მიზნით, შეხვედრაზე იმსჯელეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.

„კერძოდ:

• თანამედროვე სამყაროში, ინფორმაციის მოპოვების გამარტივების მიუხედავად, საზოგადოებაში საღვთისმეტყველო საკითხების თაობაზე მაინც ცოტა ადამიანი ფლობს სათანადო ცოდნას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ეკლესიამ აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით. გადაწყდა, დაიგეგმოს საღვთისმეტყველო თემატიკის შესახებ საჯარო შეხვედრების გამართვა როგორც საერო, ასევე სასულიერო პირთათვის.

• სამსახურის წევრებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია მომავალ თაობასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება და ხშირი კომუნიკაცია. ამისთვის კარგი იქნება მათთან ცალკეული შეხვედრების, საუბრების, ლექციების ჩატარება. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა სასულიერო პირების მიერ მოსწავლე-ახალგაზრდებთან შეხვედრების განრიგის ჩამოყალიბება, მათთვის გასაგებ ენაზე სასაუბრო თემატიკის შედგენა-შემუშავება და სამსახურის მომავალ შეხვედრაზე წარმოდგენა.

• ბოლო პერიოდში „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის წევრები ძალიან ხშირად მიმართავენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (სხვადასხვა სასულიერო პირს), სინანულს გამოხატავენ და ეკლესიის წიაღში დაბრუნება სურთ. აღნიშნული თემისადმი საზოგადოების დაინტერესებიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, გადაწყდა, ამ საკითხის შესახებ არსებული მასალების მომზადება წმინდა სინოდის სხდომაზე წარსადგენად.

• შეხვედრის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გამოთქვა მოსაზრება, უახლოეს მომავალში შეიქმნას სადისკუსიო ცენტრი, სადაც სასულიერო თუ საერო პირები საღვთისმეტყველო თემებზე ისაუბრებენ“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.