პანკისის ხეობაში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინეს
00:39, 03 Dec, 2019
პანკისის ხეობაში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არბი ქავთარაშვილსა და რუსლან ხანგოშვილს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში ოფიციალურად წარუდგინეს.

დაკავებულების ადვოკატის, ელენე ქიშმარიას განმარტებით, ქავთარაშვილისა და ხანგოშვილის წინააღმდეგ გამოძიებამ განსაკუთრებით მძიმე მუხლებით იხელმძღვანელა.

სახელმწიფო ბრალდება 22 წლის არბი ქავთარაშვილს 37 წლის ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.

რაც შეეხება 27 წლის რამაზ ხანგოშვილს, მის წინააღმდეგ გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოსთან დაპირისპირება 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი დაიჭრა.