დონალდ ტრამპი - უკრაინის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ, იმპიჩმენტის საქმე დახურულია
01:47, 03 Dec, 2019
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ, იმპიჩმენტის საქმე დახურულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინასთან მიმართებით ან საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტს ცუდი არაფერი გაუკეთებია.

„მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის. საქმე დახურულია. არაფრის გამკეთებელი დემოკრატები საქმეს უნდა დაუბრუნდნენ. რადიკალი მემარცხენე დემოკრატები რომ ჯანსაღად აზროვნებდნენ, რაც ასე არ არის, საქმე დახურული იქნებოდა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

დემოკრატებმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამოძიება დაიწყეს, ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება ჯო ბაიდენთან დაკავშირებით ხომ არ შეუჩერა და ხომ არ ითხოვდა ტრამპი დახმარების აღდგენის სანაცვლოდ უკრაინისგან გამოძიებაში დახმარებას.

ჯო ბაიდენის შვილი უკრაინულ გაზის კომპანიაში მუშაობდა, რომლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმის პროკურორი მოგვიანებით თანამდებობიდან გადააყენეს. ტრამპი ეჭვობს, რომ ეს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჩარევით მოხდა.