„დოიჩე ველე“ - ბელგიის კარნავალი ანტისემიტიზმის გამო, იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღეს
10:41, 14 Dec, 2019
ბელგიის კარნავალი ანტისემიტიზმის გამო, იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ კოლუმბიაში, მთავრობათშორისი კომიტეტის სესიაზე მიიღო.

„რასისტული და ანტისემიტური შეხედულებების სისტემატიური გამეორება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2003 წლის კონვენციის პრინციპებთან შეუთავსებელია“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ხალხებს შორის თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის ფუნდამენტურ პრინციპებს იცავს. შესაბამისად, გმობს რასიზმის და ქსენოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას.

ბელგიის ქალაქ ალსტის კარნავალი იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში 2010 წელს შევიდა. მას შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორები კარნავალის გაფორმებასა და მასში გამოყენებულ დეკორაციებთან დაკავშირებით არაერთხელ გახდნენ კრიტიკის ობიექტები. მაგალითად, 2019 წლის კარნავალის დროს ორგანიზატორებმა გამოიყვანეს მამაკაცების ფიგურები, რომლებიც ფულის ტომრებზე სხედან და დამახასიათებელი ცხვირები აქვთ. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ებრაელების კარიკატურაა, შესაბამისად ანტისემიტური ხასიათისაა.

ბელგიის ჩრდილოეთ ნაწილში ქუჩის კარნავალი 600 წლიან ისტორიას ითვლის.