ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირველი ხარისხის მედლით დააჯილდოვა
14:32, 14 Jan, 2020
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს - თეიმურაზ მღებრიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის პირველი ხარისხის მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად 2018 წლის ბოლოს დაინიშნა. 2019 წლიდან სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში დაბრუნდა.

„სისტემური განახლების პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ინფრასტრუქტურული რეფორმა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა გადაეცა, რომლებიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდა.

აქტიურად გრძელდება სოციალური პროექტებიც, რომლების ფარგლებშიც, მიმდინარე წელს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ. ასევე, მოხდება მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა“, - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, თეიმურაზ მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.