ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა
15:23, 14 Jan, 2020
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

ბოლო შვიდი დღის პირველი ვარსკვლავი გახდა „ტამპა ბეის" მეკარე ანდრეი ვასილევსკი. მან გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ შეხვედრაში 0.67 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 97.2 პროცენტი მოიგერია. რუსმა ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა „შათაუტი": „არიზონასთან" (4:0) 25 დარტყმა მოიგერია, „ფილადელფიასთან" (1:0) - 23 დარტყმა.


კვირის მეორე ვარსკვლავია „რეინჯერსის" მცველი ტონი დეანჯელო, რომელმაც სამ მატჩში შვიდი ქულა დააგროვა - სამი გოლი და ოთხი შედეგიანი პასი. „ნიუ ჯერსის" წინააღმდეგ მატჩში (6:3) 24 წლის ამერიკელმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „კალგარის" მეკარემ კემ ტელბომ. მან სამ მატჩში საშუალოდ 1.67 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 95.3 პროცენტი მოგერია. ტელბოს 2020 წელს ხუთიდან ხუთი მატჩი აქვს მოგებული.