საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ურთულესი ჯგუფი შეხვდა | რაგბი
16:03, 14 Jan, 2020
უმცროსი ბორჯღალოსნები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე „ბ“ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები ახალი ზელანდია, ავსტრალია და უელსი იქნებიან.

ტურნირის უძლიერეს ჯგუფში საქართველოს ნაკრები მას შემდეგ მოხვდა, რაც ჯგუფების განაწილების პრინციპი შეიცვალა. დღემდე ცნობილი იყო, რომ ბორჯღალოსნებს არგენტინასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ჩემპიონატის მასპინძელ იტალიასთან მოუწევდათ დაპირისპირება.

2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში 28 ივნისს დაიწყება და 18 ივლისამდე გასტანს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ავსტრალია ვიცე-ჩემპიონი, უელსმა კი 20-წლამდელთა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა.

პირველ შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები 28 ივნისს ავსტრალიასთან გამართავენ, მეორე მატჩი უელსთან სამ ივლისს ჩატარდება, ჯგუფში უკანასკნელი თამაში კი ტურნირის ყველაზე მრისხანე მეტოქესთან, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან რვა ივლისს მოგვიწევს.