დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშშ-დან 30 000-ტონამდე ხორბლის კომერციული პარტია შემოვიდა
16:22, 14 Jan, 2020
2019 წლის დეკემბერში საქართველოში საზღვაო გზით შემოვიდა 30 000 ტონამდე ამერიკული წარმოშობის მაღალხარისხიანი ხორბალი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ეს არის ხორბლის პირველი კომერციული პარტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ხორბლის პირველი კომერციული პარტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (როგორც ცნობილია, 2000 წლის მიჯნაზე, საქართველომ მიიღო ამერიკული ხორბალი, თუმცა ის იყო ამერიკის მთავრობის დახმარება საქართველოსადმი). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 30 000 ტონა ხორბალი მიღებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და მიმართულია ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირების და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისაკენ. როგორც ცნობილია, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდწილად დამოკიდებულია რუსული ხორბლის იმპორტზე. ამჟამად საქართველოს წისქვილკომბინატების მიერ მიმდინარეობს ამერიკული ხორბლის პირველი პარტიის გადამუშავება და გამოშვებულმა ფქვილის ხარისხმა მაღალი შეფასება დაიმსახურა“, - განმარტავენ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.

ამასთან, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოსა და აშშ-ს მხრიდან ჩართულ ყველა სამთავრობო და კერძო სტრუქტურებს გვერდში დგომისა და დახმარებისათვის. ასოციაციის ცნობით, დღეის მდგომარეობით კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომდევნო პარტიების შესყიდვაზე.

„მოლაპარაკების წარმატებით დასრულების მოლოდინი გვაქვს. გვწამს, ხორბლის პირველი წარმატებული ნაბიჯი იქნება საქართველო-აშშ-ის აქტიური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საწინდარი ხორბლის იმპორტის კუთხით, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას“, - განმარტავენ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.