გიგა ბოკერია - ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ პუტინის გავლენის პირობებში შესაძლებელი იქნება გარღვევა და ამ გზით გვერდს ავუვლით ოკუპაციის პრობლემას
16:04, 14 Jan, 2020
ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ პუტინის გავლენის პირობებში, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით გარღვევა იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის მიერ ალხას კვიცინიას განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საუბრისას აღნიშნა.

ბოკერიას თქმით, ჯერ უნდა შეიცვალოს უსაფრთხოების ვითარება.

„სანამ რუსეთს აქვს ექსკლუზიური კონტროლი საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეუძლებელი იქნება რამე გარღვევის მიღწევა. ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან უნდა გვქონდეს წვდომა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ოღონდ ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ პუტინის გავლენის პირობებში შესაძლებელი იქნება გარღვევა და ამ გზით გვერდს ავუვლით ოკუპაციის პრობლემას. ეს თავის მოტყუება იქნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს პირველ არხს ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე ალხას კვიცინიამ განუცხადა, რომ „თბილისთან ისეთი იქნება ურთიერთობა, როგორი დამოკიდებულებაც თბილისს ექნება“.

„საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება, რომ ომი ჩვენს შორის აღარ იქნება და საქართველოს არ აქვს არანაირი მიზანი, საომარი გზით დაიბრუნოს აფხაზეთი თავის შემადგენლობაში. როცა ასეთი სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ყველაფერ დანარჩენზე მერე ვისაუბროთ“, – განაცხადა კვიცინიამ.

კითხვაზე, ვის შორის უნდა გაფორმდეს ასეთი შეთანხმება, კვიცინია აცხადებს, რომ კომპეტენტურ პირებს შორის.