აღმოჩენილია უძველესი მყარი მასალა დედამიწაზე, რომელიც მზის სისტემაზე უფრო ძველია
16:04, 14 Jan, 2020
იდენტიფიცირებულია დედამიწაზე ყველაზე ძველი მყარი მასალა, რომელიც თავად მზის სისტემაზე სულ მცირე რამდენიმე მილიონი წლით უფრო ძველია.

ახალი კვლევის მიხედვით დგინდება, რომ მტვრის პაწაწინა, მიკროსკოპული მარცვლები დაახლოებით 5-7 მილიარდი წლის წინ შორეულ ვარსკვლავში გამოიჭედა, ჩვენი მზე კი მხოლოდ 4,6 მილიარდი წლისაა.

დროთა განმავლობაში, ეს მარცვლები დედამიწაზე მეტეორიტებმა მოიტანა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბუნების ისტორიის ფილდის მუზეუმის კოსმოქიმიკოს ფილიპ ჰეკის განცხადებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი კვლევაა, რომელზეც მას ოდესმე უმუშავია. მისი თქმით, ეს გახლავთ ამ დრომდე აღმოჩენილი უძველესი მყარი მასალა, რომელიც გვიყვება, როგორ წარმოიქმნა ვარსკვლავები ჩვენს გალაქტიკაში.

მეტეორიტებში მზის სისტემაზე უფრო ძველი მასალის მარცვლები აქამდეც აღმოუჩენიათ და მათ „მზემდელ მარცვლებს“ უწოდებენ, მაგრამ ისინი მაინც იშვიათია და რთულია იდენტიფიცირება, რადგან მასალა ზედმეტად მცირეა და ღრმადაა ჩაჭედილი ქვაში.



მზემდელ მარცვლებს შეიცავს მურჩისონის მეტეორიტი — დიდი კოსმოსური ქვის 100-კილოგრამიანი ნამსხვრევი, რომელიც 1969 წლის სექტემბერში ავსტრალიის პატარა ქალაქ მურჩისონის თავზე აფეთქდა და მისი ფრაგმენტები მიწაზე ჩამოცვივდა.

ფილდის მუზეუმმა მურჩისონის მეტეორიტის 52 კილოგრამიანი ნაწილი მიიღო და დეტალურადაც შეისწავლა. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დადგინდა, რომ მეტეორიტში არსებულ მინერალ სილიციუმის კარბიდის მარცვლების დიდი ნაწილი ვარსკვლავთშორისი წარმოშობისაა და შესაბამისად, მზეზე უფრო ძველი; თუმცა, ვერ ხერხდებოდა ზუსტი ასაკის განსაზღვრა.

მეტეორიტიდან სილიციუმის კარბიდის გარკვეული ოდენობის იზოლირება 1990-იან წლებშივე მოახერხეს, როცა მეტეორიტი დაფხვნეს და უსარგებლო სილიკატი მჟავით დაშალეს. მას შემდეგ, ხელსაწყოები, რომლებსაც მეცნიერები ამ მარცვლების ანალიზებისთვის იყენებდნენ, დღევანდელის მსგავსად დახვეწილი არ იყო და შესაბამისად, ჰეკმა და მისმა ჯგუფმა ამ მარცვლებისთვის სრულმასშტაბიანი თანამედროვე ტესტების ჩატარება გადაწყვიტეს.

გამოიყენეს ელექტრონული მიკროსკოპი, მეორეული იონური მასსპექტრომეტრია და კეთილშობილ აირთა მასსპექტრომეტრია. ისინი ეძებდნენ კოსმოსური რადიაციის ეფექტების კვალს; ამ რადიაციას შეუძლია შეაღწიოს მყარ მასალაში, მაგალითად, მეტეორიტებში და საკუთარი კვალი სილიციუმის კარბიდის მარცვლებში დატოვოს.



ჰეკის განმარტებით, კოსმოსური სხივები ურთიერთქმედებს მატერიასთან და წარმოქმნის ახალ ელემენტებს; რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ურთიერთქმედება, წარმოიქმნება მით მეტი ასეთი ელემენტი.

ჯგუფმა ჰელიუმ-3-ისა და ნეონ-21-ის კვალზე შეამოწმა სილიციუმის კარბიდის 40 მზემდელი მარცვალი; შედეგად, დადგინდა მათი ასაკი. რამდენიმე მათგანი 5,5 მილიარდ წელზე მეტის აღმოჩნდა, უმეტესობა კი 4,6-4,9 მილიარდი წლის.

შედარებით ახალგაზრდა მარცვლების ასეთი დიდი ოდენობა მოულოდნელობა იყო, რაც საკმაოდ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ირმის ნახტომის ისტორიის შესახებ.

ჰეკის თქმით, მათი ჰიპოთეზის მიხედვით, ამ მარცვლების უმეტესობა, რომელთა ასაკიც 4,9-4,6 მილიარდი წელია, წარმოქმნილია გაძლიერებული ვარსკვლავთწარმოქმნის ეპიზოდში. მზის სისტემის გაჩენამდე იყო მონაკვეთი, როცა ნორმალურზე მეტი ოდენობის ვარსკვლავი იბადებოდა.

ჯგუფის კვლევის მიხედვით, ვარსკვლავთწარმოქმნის ეს პერიოდი დაახლოებით 7 მილიარდი წლის წინ უნდა მდგარიყო. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავებმა ევოლუციის მოწინავე ეტაპებს მიაღწიეს, ეს მარცვლები უნდა კონდენსირებულიყო გამონადენ ნაკადებში და გატყორცნილიყო კოსმოსში, მოგვიანებით კი გაერთიანებულიყო იმ სხეულთან, რომელიც ჩვენ მურჩისონის მეტეორიტის სახით ვიხილეთ.

ჯგუფის ვარაუდით, ეს მარცვლები იზოლირებულად ვერ უნდა გადარჩენოდა მაგალითად, სუპერნოვას შოკურ ტალღებს, ამიტომ, მათი აზრით, ისინი ჯგუფებად უნდა ჩაჭედილიყო, რაც ზოგიერთ მათგანს ნამდვილად დაიცავდა.

ჰეკის თქმით, მეტეორიტში ჩაჭედილ მიკროსკოპულ მარცვლებში ვარსკვლავების მძვინვარე დაბადების პროცესების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ვარსკვლავების ფორმაცია ხან ნელდება, ხან ძლიერდება.

„ზოგი ფიქრობს, რომ ვარსკვლავთწარმოქმნის მაჩვენებელი გალაქტიკაში მუდმივია, მაგრამ ამ მარცვლების წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ 7 მილიარდი წლის წინ ჩვენს გალაქტიკაში გაძლიერებული იყო ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოსმოქიმიკოსი ფილიპ ჰეკი.

მეტად ამაღელვებელია იმაზე ფიქრი, თუ რამდენი რამ გამოიარა ამ პაწაწინა მარცვლებმა იქამდე, ვიდრე დედამიწაზე მოხვდებოდა.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.