სოფლის მცხოვრები, რომელსაც მოსავალი საკუთარი მოხმარებისთვის მოჰყავს და არა კომერციული მიზნით, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება
16:54, 14 Jan, 2020
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული კუთხით, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება.

„აქამდე თვითდასაქმებულად ითვლებოდა ნებისმიერი საკუთარ მამულში მომუშავე პირი, მიუხედავად იმისა, საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, თუ ბაზარზე გასაყიდად. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, თვითდასაქმებულთა კატეგორიიდან გამოირიცხებიან პირები, რომლებიც აღარ არიან ბაზარზე ორიენტირებული. ანუ, თუ ისინი თავიანთი მოწეული პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს არ ყიდიან ბაზარზე. ასეთი ადამიანები აღარ ჩაითვლებიან თვითდასაქმებულად“, - აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საქსტატის ხელმძღვანელმა.

ამასთან, როგორც გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, 2020 წლის მესამე კვარტლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქსტატი ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს, შესაძლოა, დასაქმების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალოს.

„როგორ სხვა ქვეყნებში პილოტურმა კვლევებმა აჩვენა, ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრება იწვევს ძირეულ ცვლილებებს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკაში, რაც დიდი ალბათობით, გაზრდის უმუშევრობის დონეს. ასევე, არ არის გამორიცხული დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირება“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი სტანდარტი უკვე დაინერგა 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, მოლდოვაში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს, თოდრაძის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მონაცემების შეგროვება მოხდება როგორც ახალი, ისე ძველი მეთოდოლოგიის კითხვარით, მესამე და მეოთხე კვარტლების მონაცემებს კი საქსტატი მთლიანად ახალი მეთოდოლოგიით გამოიკვლევს.

„დასაქმებულია დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ აქედან დაახლოებით 800 000 მოქალაქე გახლავთ თვითდასაქმებული. ესენი არიან, მაგალითად, საკუთარ მამულში უსასყიდლოდ მომუშავე პირები, ტაქსის მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები და ა.შ. ახალი მეთოდოლოგიის ცვლილება ძირითადად ეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ სოფლად, საკუთარ მამულში. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამ 800 ათასიდან დაახლოებით 70-80 პროცენტი დასაქმებულია სოფლად. შესაბამისად, მათი გადაკვალიფიცირება არის დაგეგმილი ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით“, - განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.