„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვენ
12:30, 27 Jan, 2020
თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოძრაობა „შეცვალეს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ხმაური იყო.

აქციის წევრები საკრებულოს შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციაზე მიიტანეს ნაგვის ურნა. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, მალე პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრიან „ქართულ ოცნებას“.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სალომე სამადაშვილმა და ზაალ უდუმაშვილმა განაცხადეს, რომ მათ სურდათ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მას დეპუტატის მანდატი აძლევს უფლებას თავისუფლებად გადაადგილდეს საკრებულოს შენობაში, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევენ.

ტყემალაძისგან ვითხოვთ პასუხებს, რატომ არ არიან დღემდე პასუხისგებაში დეპუტატები, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილზე იძალადეს და რატომ არ ტოვებენ ეს ადამიანები დეპუტატის მანდატს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე პარასკევს, 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ლევან ხაბეიშვილი გუშინ გამოკითხეს.