ანრი ოხანაშვილი - პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება ოთარ კახიძისთვის თუ ფარსია, შოთაძესთან რატომ მოდის, ეს არის პოლიტიკური დაინტერესება
13:06, 27 Jan, 2020
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესის უპრეცედენტო გამჭვირვალობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების ნახვა მოქალაქეებს საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ლაივსტრიმის საშუალებით შეეძლებათ.

„ეს არის გახსნილი პროცესი, ამ ფორმით, ლაივსტრიმის მეშვეობით არასდროს წარმართულა გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საპროკურორო საბჭო გახსნილია, რომ საზოგადოებამ თვალი ადევნოს ლაივსტრიმში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოება დააკვირდეს, თუ როგორ მიმდინარეობს კანდიდატებთან გასაუბრება. კანდიდატებთან გასაუბრება ინდივიდუალურად წარიმართება“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას, რომ ირაკლი შოთაძის გარდა, გენერალური პროკურორობის არც ერთ კანდიდატთან გასაუბრებას არ დაესწრება.

ოხანაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ აპირებს ოთარ კახიძე, დაესწროს ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას, თუკი ზოგადად გენერალური პროკურორის არჩევის პროცესს ის ფარსს უწოდებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპროკურორო საბჭოში განსაზღვრულია კვოტა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, ბატონი ოთარი არის საბჭოს წევრი. ამიტომ მას შეუძლია, დაესწროს ამ პროცესს და დასვას კითხვები. თუ ისინი აპელირებენ, რომ მათ აინტერესებთ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით შეკითხვების დასმა, მობრძანდეს, მიიღოს მონაწილეობა და შეკითხვები დასვას.

თუ ფარსია ეს პროცესი, მაშინ ბატონ შოთაძესთან მიმართებაში რატომ მოდის და სურს შეკითხვების დასმა. თუ ეს პროცესი მისთვის ფარსია, მაშინ საერთოდ აზრს უნდა იყოს მოკლებული მისი ამ პროცესში მონაწილეობა. ამიტომ საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში. ერთის მხრივ ამბობენ იმას, რომ ეს პროცესი არის დადგმული, თუ ეს პროცესი დადგმულია, მაშინ რატომ აცხადებს, რომ უნდა მოვიდეს და დასვას შეკითხვები მხოლოდ ერთ კანდიდატთან. ეს მიუთითებს მათ პოლიტიკურ დაინტერესებაზე. ნაცვლად იმისა, რომ მან შეკითხვა დაუსვას ყველა კანდიდატს და შეიქმნას წეარმოდგენა, თუ რომელი კანდიდატია უკეთესი, გადწყვეტილი აქვთ, პოლიტიკური დაინტერესების გამო მხოლოდ ერთ კანდიდატთან მიიღონ მონაწილეობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას, ოხანაშვილი ამბობს, რომ 2012 წლამდე აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იყო, თუმცა მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციის ბევრი წარმომადგენელის კრიტიკული განცხადება არ ახსოვს.

„ვერ ვიხსენებ არასამთავრობო ორგანიზაციების ბევრი წარმომადგენლის კრიტიკულ განცხადებას იმ დროს, როდესაც ეს პროცესი წარიმართებოდა მაქსიმალურად დახურულად. კერძოდ, ეს პროცესი 2012 წლამდე წარიმართებოდა შემდეგნაირად - იუსტიციის მინისტრი წარუდგენდა საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად გენპროკურორის კანდიდატურას და მოგეხსენებათ, რომ არანაირი გამჭვირვალობა, არანაირი კრიტერიუმი, თუ რის საფუძველზე წარუდგენდა იუსტიციის მინისტრი, როგორ ნიშნავდა პრეზიდენტი გენპროკურორს, არ არსებობდა. ეს კრიტიკა მაშინ არ ყოფილა. დღეს პროცესი არის გახსნილი, პირდაპირი ეთერით უნდა გადაიცეს ეს ყველაფერი, ინდივიდუალური გასაუბრება მოხდეს და შემდგომ  პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში, სადაც წარმოდგენილ კანდიდატთან გაიმართება გასაუბრება, ამ პროცესზე მეტი გამჭვირვალობა არ არსებობს. ამ პროცესთან დაკავშირებით კრიტიკა მაშინ, როცა არ გვახსოვს კრიტიკა, როდესაც ერთპიროვნულად ხდებოდა პირების გენპროკურორად შერჩევა, ჩემთვის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ბადებს“ ,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად მისაღებია შოთაძის კანდიდატურა მაშინ, როცა მან ხარვეზების გამო დატოვა თანამდებობა, ანრი ოხანაშვილმა ასე უპასუხა:

„ეს შეკითხვა ბევრჯერ დასმულა და გამიცია პასუხი. ეს პროცესი იწყება დღეს, მოდით, თვალი მივადევნოთ ამ პროცესს, ვნახოთ, რომელ კანდიდატს რა ხედვა ექნება. იმ შემთხვევაში, თუ არჩეული იქნება, როგორ წარმოუდგენია პროკურატურის შემდგომი განვითარება, რა რეფორმებს განახორციელებს, ამის მიხედვით ჩამოვყალიბდებით“ ,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საპროკურორო საბჭოს სხდომას საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით წარდგენილი ოთარ კახიძე არ დაესწრება.

მან გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პროკურორობის 16 კანდიდატის მოსმენა ფორმალური იქნება, რეალურად კი, წინასწარაა შეთანხმებული კანდიდატ ირაკლი შოთაძის არჩევა.

სწორედ ირაკლი შოთაძეა ის გამონაკლისი კანდიდატი, რომელთან გასაუბრებაზე დასწრებასაც პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი აპირებს.

კახიძის განცხადებით, ყოფილ გენერალურ პროკურორთან და ამჟამად პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან რამდენიმე საკითხის ირგვლივ აქვს კითხვები, რომელთგან მთავარი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიაა.