გია ვოლსკი - ლევან ხაბეიშვილსაც თავისი წვლილი აქვს, უზრდელობაც და არაკორექტულობაც ზღვარს გადასცდა, მაგრამ ეს​ მუშტი-კრივსა და ფიზიკურ დაპირისპირებას არ ამართლებს
13:27, 27 Jan, 2020
ვერანაირად ვერ გავამართლებ მუშტი-კრივს, რომელი მიმართულებითაც არ უნდა ხდებოდეს, - ამისშესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ თბილისის საკრებულოში 24 იანვარს მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს პროვოცირება.

„ვერანაირად ვერ გავამართლებ მუშტი-კრივს, რომელი მიმართულებითაც არ უნდა ხდებოდეს. ალბათ, ჩვენ იგივე უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც ამ შენობაში ფიზიკურად, სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კარგად ორგანიზებული შემოტევით. მაშინ რომ ამისთვის მიეცათ საზოგადოებას, პოლიტიკურ ჯგუფებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი შეფასება, დღეს ეს არ მოხდებოდა. არ უნდა იყოს დაშვებული ფიზიკური ანგარიშსწორება.

ლევან ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა ამაში. ​უზრდელობაც და არაკორექტულობაც ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მუშტი-კრივსა და ფიზიკურ დაპირისპირებას. ამას გამართლება არანაირად არ აქვს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შექმნილ სიტუაციაში მომავალშიც შესაძლოა, კიდევ მოხდეს პროვოცირება, კიდევ იყოს ასეთი უხეში ზღვარგადასული სიტყვების გამოყენება და არავითარ შემთხვევაში იმ გზას არ უნდა დავადგეთ, რასაც განვითარებული დემოკრატიებისთვის ყოვლად მიუღებელი გზა ჰქვია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.