საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხის გადასინჯვას მოითხოვს
13:45, 27 Jan, 2020
საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების საკითხის გადასინჯვას მოითხოვს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის სახელით განცხადებას ირაკლი კობახიძე გააკეთებს.

„გვქონდა აქტიური კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან. ჩვენი გეგმა არის ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. ამასთან დაკავშირებით საკითხი გამოდის დღეს პლენარულ სესიაზე. ჩვენ ერთად დავაყენებთ ამ საკითხს. მნიშვნელოვანია, დაიწყოს პროცედურა ამ საკითხის გადასახედად, იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში ჩვენი ინიციატივა იქნება წარმატებული. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა რაც მთავარია, ეს პროცედურა უნდა დაიწყოს. გვქონდა კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ განცხადებას გავაკეთებთ ბალტიისა და საქართველოს დელეგაციების წარმომადგენლები“ ,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეხება კითხვას, თუ რა იქნება საქართველოს დელეგაციის გზავნილი, კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის აღნიშნულ ფორმატს მაქსიმალურად გამოიყენებენ.

კობახიძის განმარტებით, ეროვნული ინტერესები პირველ რიგში დაკავშირებულია საქართველოს რეგიონების ოკუპაციასთან, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან.

„ჩვენ ამ ფორმატს, ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ, მისი გზავნილები მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს. ეს ყველაფერი ეხება უპირველეს ყოვლისა ჩვენს მთავარ ეროვნულ ინტერესებს - ოკუპაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გვექნება საუბარი ჩვენს მეგობრებთან და კოლეგებთან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ეს პლატფორმა იქნება მაქსიმალურად გამოყენებული ამ ყველაფრისთვის“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების საკითხის გადასინჯვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამაც.

ბერაიას თქმით, რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს, იმ ვალდებულებებს, რაც მას სერთაშორისო სამართლით აკისრია.

„რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს, იმ ვალდებულებებს, რაც მას აკისრია სერთაშორისო სამართლით. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენების მიზნით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, კიდევ ერთხელ შევახსენებთ რუსეთს, რომ უნდა შეასრულოს ვალდებულებები და ვეტყვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მოვუწოდებთ მათ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდისკენ“ ,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ბერაიას განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ საქართველო თავმჯდომარეობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლაც იგეგმება.

ბერაიას განმარტებით, ზალკალიანი ყურადღებას გაამახვილებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც განისაზღვრა საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის მიერ.

„ისაუბრებს ასევე ძალიან  ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის წარადგენს მინისტრთა კომიტეტის ანგარიშს. ჩვენთვის, როგორც დელეგაციის წევრებისთვის, განსაკუთრებით პრიორიტეტულია ეს ღონისძიება და ვეცდებით, გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართულებით, ძალიან ბევრი საკითხის აქტუალიზაციის მიზნით, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ასევე ძალიან პრინციპულად, მკაფიოდ განვაცხადოთ ყველა ის პრიორიტეტი, მათ შორის სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით, რაც აქვს განსაზღვრული ხელისუფლებას“ ,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2019 წლის 25 ივნისს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელმაც რუსეთის დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების საშუალება მისცა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვეს.