გია ვოლსკი - ადამიანებმა, რომლებიც ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ, ზუსტად იციან, რომ მკვლელობა, ღირსების შელახვა პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს
17:29, 24 Feb, 2020
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა, რომლებიც ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ, ზუსტად იციან, რომ მკვლელობა, მკვლელობისთვის დაჭერა, ადამიანის ღირსებისა და ჯანმრთელობის შელახვა არანაირ პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თუ ქვეყანაში მართვის სტილი ასეთი არ იქნება, წესრიგი არ დამყარდება.

„ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ვინმემ ერთი თემა და ერთი საკითხი დაასახელოს ან რომელიმე ანალოგი მოიგონოს, რომ ქვეყანაში, სადაც ძალისმიერად უპირისპირდები სახელმწიფოს და მით უმეტეს, ქვეყნის არევას ცდილობ, პოლიტიკურად დაცული ან გარანტირებული იყოს, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. თუ ასეთი შემთხვევები ოდესმე სადმე გაგიგონიათ, შემიძლია, ამასთან დაკავშირებით გავაკეთო დამატებითი კომენტარი“, - განაცხადა ვოლსკიმ.