თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელში ჩინეთის ორ მოქალაქეს ექიმები სინჯავენ
19:08, 24 Feb, 2020
თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელში ჩინეთის ორ მოქალაქეს ექიმები სინჯავენ.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მას შემდეგ გამოიძახეს, რაც აღნიშნული მატარებლის მგზავრები ბათუმში გამგზავრებაზე უარს აცხადებდნენ. მათი თქმით, ორ ჩინელს სურდოს ნიშნები აღენიშნებოდა.

როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა, თორნიკე ქოქოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ბათუმში სხვა მატარებლით მიემგზავრებიან.

„ბიზნესკლასის მგზავრებმა შეამჩნიეს მატარებელში ორი აზიური წარმომავლობის ადამიანი და შეატყვეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. ამის გამო გადაწყვიტეს, რომ მათ კორონავირუსი აღენიშნებოდათ. მოითხოვეს რეისის შეჩერება და ასევე ითხოვდნენ, მათ დაეტოვებინათ მატარებელი.

სასწრაფოს დაურეკა ყველამ და შემდეგ პატრულიც მოვიდა. ჩვენ გადავდივართ ახალ მატარებელში, სხვა მატარებლით წავალთ ბათუმში“,- განაცხადა მგზავრმა.

თბილისის ცენტრალურ სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი დაგეგმილ დროს ვერ გავიდა და სადგურშია გაჩერებული.